„ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად ლეგენდარული რამაზ შენგელიას ვაჟი იმუშავებს
„ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად ლეგენდარული რამაზ შენგელიას ვაჟი იმუშავებს

გიორგი შენგელია ქუთაისის „ტორპედოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

გიორგი ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, რამაზ შენგელიას შვილია. ის კლუბის პრეზიდენტმა, ფაბიო მანინომ წარადგინა.

„გიორგი შენგელიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ტორპედოში“ დაიწყო და ჩვენი კლუბის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურსი განცხადებაში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი შენგელია წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, კარიერა ნაადრევად ტრავმის გამო დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალური სტადიონი (რომელიც „ტორპედოს“ საშინაო არენაა) ქუთაისელთა ახალი სპორტული დირექტორის, ლეგენდარული მამის, რამაზ შენგელიას სახელს ატარებს.