ქუთაისელი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის მიტოვებას არ აპირებენ და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან გუნდს მაინც უქომაგებენ.
ეს დღეს გახდა ცნობილი. 28 ივნისს, ეროვნული ლიგის მესამე ტური ქუთაისში დაგეგმილი მატჩით დასრულდება: „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედო“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატში მონაწილე ათივე კლუბის წარმომადგენლებს, მატჩების მომსახურე ოფიციალურ პირებსა და მსაჯებს Covid 19-ზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ და ყველას უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა. მაგრამ სიფრთხილის გამო, ჯერ ტრიბუნაზე მაყურებელს არ უშებენ.
ამის გამო, ქუთაისელ გულშემატკივრები „პიონერთა პარკში“ შეიკრიბნენ და ერთად დაგეგმეს, თუ რა ფორმით ექომაგათ საკუთარი გუნდისთვის, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველად დღეს ითამაშებს.
„მართალია, პანდემიის გამო ტრიბუნებზე არ გვიშვებენ და სტადიონიც ისეთ ადგილზეა, ვერც გარედან მივაწვდენთ ხმას, მაგრამ ვაპირებთ შეკრებას და ერთად ყურებას. ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით „პიონერთა პარკში“ და იქ გაეცნობით ჩვენს გეგმებს“, – წერია ქუთაისელ გულშემატკივართა მოწოდებაში.
მატჩამდე კი ქუთაისელი გულშემატკივრები „ტორპედოს“ ფეხბურთელებს, რომლებიც საღორიას ბაზიდან ავტობუსით მოდიოდნენ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის შესასვლელთან ფოიერვერკვებით დახვდნენ – ასე გამოხატეს ქუთაისელებმა საყვარელი გუნდის მიმართ მხარდაჭერა, რომლის გულშემატკივრობის უფლებაც ჯერ არ გააჩნიათ.