„ტორპედოს“ პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - მათ გუნდის სასიკეთოდ ჩხეტიანთან უთანხმოებების აღმოფხვრა გვთხოვეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ კომენტარი გააკეთა კახა ჩხეტიანის მთავარ მწვრთნელად დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ ახლა გუნდში ერთსულოვნებაა.
„იმედი მაქვს, კახა ჩხეტიანის დაბრუნება კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი იქნება „ტორპედოს“ უახლოეს ისტორიაში, მადლობა „ბენესპორტს“ შუამავლობისთვის. სირცხვილია, მე და კახას, რომ შუამავლობა დაგვჭირდა. მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული – უპირველესად გულშემატკივრებს, ვინც გვთხოვა ჩვენს შორის არსებული უთანხმოებების აღმოფხვრა ქუთაისის „ტორპედოს“ სასიკეთოდ. მადლობა კახას, რომ „ტორპედოსადმი“ ისეთი სიყვარული აქვს, რომ ბევრ რაღაცაზე უარი თქვა.
გუნდი არის ძალიან ბევრი ფაქტორის ერთობლიობა და ერთ ნავში რომ ვსხედვართ, ეს კარგად უნდა გვქონდეს ყველას გაცნობიერებული – ვინც ფიქრობს, რომ ხვალინდელი დღე ბოლო სამი წლისგან განსხვავებული უნდა იყოს.
რაც შეეხება კახას განცხადებას (პოლიტიკაზე) – რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის შეხედულებას, ეს გამოხატულების თავისუფლების ნაწილია და ეს სულ ასე იქნება. თუმცა, გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებული ვიყოთ სპორტულ შედეგზე. მნიშვნელოვანია ისიც, რაც ქუთაისის „ტორპედოსთანაა“ დაკავშირებული, გუნდის ყველა გულშემატკივრისთვის საერთო იყოს – გასაყოფი არ გვქონდეს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, ან ვის რა შეხედულებები აქვს ცალკეულ საკითხზე.
მთავარია, რომ ყველა ვთანხმდებით – ქუთაისს უნდა ჰყავდეს კარგი კლუბი. ახლა ყველა დეტალზე შევთანხმდით და გუნდში არის სრული ერთსულოვნება, გაცნობიერებული გვაქვს, ახლა რა დღეში ვართ. გულშემატკივრებსაც ვთხოვთ – პირველივე დღეს, შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ იყოს. მაგრამ ახლა ნდობა გვჭირდება. ღიად ვიმსჯელოთ, რადგან თქვენ ხართ გუნდის ნაწილი და ეს ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს, მადლობა ყველას, ვინც კახას დაბრუნებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ.