ტორპედოს მწვრთნელი ბაბუნაშვილის გაცილების მატჩზე - ვალდებულება მქონდა ინიციატივა ჩემს თავზე ამეღო 
ტორპედოს მწვრთნელი ბაბუნაშვილის გაცილების მატჩზე - ვალდებულება მქონდა ინიციატივა ჩემს თავზე ამეღო 

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ლიდერის – შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ბაბუნაშვილის მეგობრები მიიღებენ. ქუთაისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მოედანზე გავლენ მალხაზ ასათიანი, კახა ჩხეტიანი, მიხეილ აშვეთია, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი.


როგორც გაირკვა, შეხვედრის ინიციატორი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი – კახა ჩხეტიანია.

„ბაბუნაშვილთან ერთ გუნდში მითამაშია და მისი მწვრთნელიც ვიყავი, შესაბამისად, ვალდებულება მქონდა, ინიციატივა ჩემს თავზე ამეღო და მისთვის ეს დღე გვეჩუქებინა; ძალიან დიდი მადლობა „ტორპედოს“ პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავასა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ ყველაფრის ორგანიზება თავის თავზე აიღეს და თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ შოთა ბაბუნაშვილი ღირსეულად გავაცილოთ. ქუთაისმა ბევრი კარგი ფეხბურთელი აღზარდა, მაგრამ მსგავსი გაცილება, სამწუხაროდ, არავის ჰქონია. ახლა ჩვენ ვართ „ტორპედოში“ და ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ! გულშემატკივრებს მივმართავ: შოთა ბაბუნაშვილს მხარს წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდით და გთხოვთ, 19 ოქტომბერს მობრძანდეთ სტადიონზე და ერთად გავულამაზოთ ეს დღე“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.