ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვოვა ხაჩიძე „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის მოგებით (2:0) გახარებულია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გუნდმა მეორე მატჩიც მობილიზებულად უნდა ჩაატაროს.
„ბიჭები მოედანზე მობილიზებულები გავიდნენ და შედეგით კმაყოფილები ვართ, რადგან 2:0 მოვიგეთ. მაგრამ წინ განმეორებითი თამაშია. ამიტომ ჯერ ყველაფერი, მთავარი მატჩი წინ არის. მეორე თამაშისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, ეს უპირატესობა რომ შევინარჩუნოთ და ეროვნულ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ“, – ამბობს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.
პლეი ოფის ორივე განმეორებითი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა“ და „გაგრას“ შორის შაბათს, 19 დეკემბერს გაიმართება – ამჯერად მასპინძლები ქუთაისელები იქნებიან. შეხვედრა „რამაზ შენგელია – არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ერთბურთიანი წაგებაც აწყობთ.