„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - მჯერა, „შერიფთან“ გულშემატკივარი სტადიონს გაავსებს და ძალიან დაგვეხმარება
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის „შერიფს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება და პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს (გურული, გრიგალაშვილი, მამასახლისი, სარდალიშვილი, მახარობლიძე, ლიპარტია, ბოხაშვილი, კუჭუხიძე). მათ გარეშე არ იქნებოდა ის წარმატება და ის გამარჯვებები, რომელიც გვქონდა. ამჟამად შვიდი ახალი ფეხბურთელი გვყავს და სავარაუდოდ, განელი ფორვარდიც დაგვემატება. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემის გამო, მისი დროულად ჩამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა 18 ივლისისთვის ჩვენთან იქნება. შეთამაშების პრობლემაზე სასაუბროდ ახლა დრო არ არის. ყველა ფეხბურთელი მატჩისთვის მზადაა და ხვალ გამარჯვებას ყველანაირად ვეცდებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ გულშემატკივარი სტადიონს გაავსებს, რაც ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.