„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - კარგია, რომ ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედო“ პირველივე სეზონში საქართველოს თასის მფლობელი გახდა. 26 ნოემბერს კი, თბილისის „დინამოს” დამარცხებით, (1:0) ქუთაისელებმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს.
39 წლის მთავარი მწვრთნელის თქმით, წარმატება გუნდში არსებული ერთსულოვნების შედეგი იყო.
„ჩვენ ყველაზე მდიდარი კლუბი არ ვართ. მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი ფულით არ ისაზღვრება. გარკვეული პერიოდი ფინანსური პრობლემებიც გვქონდა და ეს თამაშზე არ აისახებოდა, რაც ფეხბურთელების დამსახურებაა – მათ იბრძოლეს, დიდი მოთმინება და ერთსულოვნება გამოავლინეს. 15 წლის შემდეგ, შენს მშობლიურ ქალაქს ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულით რომ ახარებ, ამას ვერაფერი აწონის“, – განაცხადა პირველ არხთან ჩხეტიანმა.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ქუთაისელი ქომაგების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
„დღეს „დინამო-არენაზე“ შეხვედრაზე მინიმუმ ხუთი-ექვსი ათასი გულშემატკივარი მაინც მოვიდა, ქუთაისიდან კი „ტორპედოს“ 1500-ზე მეტი ადამიანი ჩამოყვა. მათ თანადგომას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით. ბევრმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ სახლიდან, ტელევიზორებთან გვქომაგობდა. გვეამაყება, ასეთი გულშემატკივარი რომ გვყავს. ისინი საქართველოს ახსენებენ, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი უზომოდ უყვართ და მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მაინც პოპულარული სახეობაა“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.
„ტორპედომ“ „დინამო არენაზე“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.