„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ბოლომდე გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით #1TVSPORT
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ბოლომდე გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით #1TVSPORT

კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სარაევოსთან“ პენალტების სერიაში მოგებული მატჩის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„ღირსეული მეტოქე გვყავდა, გულშემატკივრებმა კი სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს, ამისთვის წინასწარ მოვემზადეთ. პირველ ნახევარში იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან მომენტები ვერ გამოვიყენეთ, „სარაევომ“ კი ანგარიში გახსნა.

ბოლო წამამდე გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი გავუშვით და ტაიმი წავაგეთ. მეტოქეს, რომელსაც ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ამხნევებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმკლავდები, თუ ფიზიკურად და მენტალურად მზად ხარ.

მთავარია, რომ შედეგს მივაღწიეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა, მაგრამ თუ გინდათ, რომ ასე ვთქვათ, ნაწილობრივ დაგეთანხებით. თუმცა იღბალი რომ გწყალობდეს, ბევრი უნდა იშრომო.

კაბალიერო და მანჯგალაძე თამაშში ენერგიულად ჩაერთნენ და გუნდის თამაშზე დადებითი გავლენა მოახდინეს. კაბალიერო პრესინგის დროს ძალიან სასარგებლოა, შეუძლია ისეთ წნეხში მოაქციოს მეტოქე, რომ დაცვას მიაჯაჭვოს. გამარჯვებაში ყველამ თავისი როლი ითამაშა, ძირითადის ფეხბურთელებმაც და შეცვლაზე შესულებმაც, მადლობა მათ“, – განაცხადა სტივ კინმა.