„ტორპედოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილეს - დისციპლინარებმა ფანები პირველ მატჩზე დაუშვეს
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2018 წლის გათამაშების პირველ ტურის მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება დართო.
2017 წლის 26 ნოემბერს, ”დინამო-არენაზე” საჩემპიონო შეხვედრა გაიმართა. “დინამომ” “ტორპედოს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, რამაც ქუთაისელებს ჩემპიონობა მოუტანა.
მაგრამ შეხვედრის 94-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა “ტორპედოს” კარში პენალტი დანიშნა, რასაც ქუთაისელი ფანების მხრიდან აგრესია მოჰყვა, ტრიბუნაზე 250-მდე სკამი დაამტვრიეს და მოედანზე ისროლეს.
ამის გამო, ”ტორპედოს“ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ”დილასთან“ და „ლოკომოტივთან“ შეხვედრები მაყურებლის გარეშე უნდა ჩაეტარებინა.
2 მარტი ჩემპიონატის გახსნის დღეა, ”ტორპედო“ კი ჩემპიონის რანგში სეზონს გორის „დილასთან“ საშინაო მატჩით ხსნის – ამის გამო გუნდმა ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომ სეზონის გახსნის შეხვედრაზე ეს სასჯელი არ აემოქმედებინა.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა დაგეგმილი. ამავე დროს, გულშემატკივართა ინტერესი დიდია და აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს სასჯელის გადანაცვლების შუამდგომლობით მიმართა.
სადისციპლინო კომიტეტმა საკითხი განიხილა და სფფ-ს არგუმენტები გაითვალისწინა. ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ნაცვლად, ”ტორპედო“ მაყურებლის გარეშე მატჩს გორის „დილასთან“ მესამე წრეში ჩაატარებს.