„ტორპედოს“ მცველი გიორგი ქობულაძე გამოჯანმრთელდა და ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი გიორგი ქობულაძე გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა და ვარჯიში განაახლა, – ფოტომასალას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ქობულაძე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში დაშავდა. 25 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი 1913“-თან ქუთაისელები 1:2 დამარცხდნენ.
„ტორპედოს“ მარცხის მთავარი მიზეზი ქობულაძის ტრავმა გახდა. ქუთაისელთა 26 წლის მცველი 86-ე წუთზე ფოთელთა თავდამსხმელ ვალერი ოლხოვთან შეჯახების შემდეგ მოედანზე წაიქცა და გონება დაკარგა. შეხვედრა 14 წუთის შემდეგ განახლდა, მაგრამ „ტორპედოს“ მოთამაშეებზე მომხდარმა ისე ცუდად იმოქმედა, რომ რანგით დაბალი ლიგის გუნდთან შეხვედრის ბოლო წუთებზე სათამაშოდ განწყობა ვეღარ შეძლეს, წააგეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.
ქობულაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მალთაყვის საავადმყოფოში გადაიყვანა. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
ფეხბურთელს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა და ექიმებმა ქუთაისელთა მცველს ათდღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერეს, მაგრამ „ტორპედოს“ ფეხბურთელი სწრაფად გამოჯანმრთელდა და გუნდის ბაზაზე ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა.