„ტორპედოს“ ლიცენზია ავტომატურად შეუჩერდება - ფედერაციამ კლუბს დავალიანების დასაფარად ვადა მისცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც სფფ-ს პრესსამსახურმა მნიშვნელოვანი სიახლეები გაასაჯაროვა.
ეს იყო ლიცენზირების პირველი პროცესი, რომელშიც ეროვნულ ლიგის, ეროვნულ ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 46 გუნდთან ერთად, ქალთა ლიგის 14 წარმომადგენელი პირველად მონაწილეობდა.
„სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბების ლიცენზირების დებულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე ლიცენზია მიიღო ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35-მა საფეხბურთო გუნდმა, ასევე ქალთა ცხრა გუნდმა“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, კომიტეტმა 16 საფეხბურთო გუნდს ლიცენზირებაზე უარი უთხრა. კლუბებს გადაწყვეტილების გასაჩივრება 18 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
საინტერესოა, რომ იმ კლუბებს შორის, რომელთაც ლიცენზირების პრობლემა შეექმნათ, ეროვნული ლიგის მონაწილე, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ქუთაისის „ტორპედოც“ მოხვდა.
„ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე“, – ვკითხულობთ სფფ-ის განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეიოფში „გაგრას“ ხვდება. ქუთაისელებმა გასვლაზე პირველი მატჩი 2:0 მოიგეს და მიზანთან ახლოს არიან, მაგრამ სფფ-ის წაყენებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გუნდს მთავარი ქართული ლიგიდან დაქვეითება ელოდება.