„ტორპედოს“ გულშემატკივრებს გასვლით მატჩზე დასწრების რეკორდის დამყარება სურთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ფანებმა 7 დეკემბერს ბათუმში დანიშნული საქართველოს თასის ფინალისთვის მზადება დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ გასვლით მატჩზე დასწრების რეკორდს გააუმჯობესებენ.
„ზუსტად 4 წლის წინ, 25 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედომ“ ისტორიაში მეოთხედ მოიგო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი. 12 დღეში ისევ გვექნება შანსი, მეხუთედ მოვიპოვოთ ტიტული! თასის ფინალთან დაკავშირებით ბევრი გვწერს ტრანსპორტირებაზე. აუცილებლად გაგაგებინებთ დეტალებს და ვისაც წამოსვლის სურვილი გექნებათ, არავინ დარჩებით. ჩვენ, გუნდი, ქალაქი, ყველა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც შეიძლება ბევრი წავიდეთ. ამიტომ ამ თემაზე სანერვიულო არ გვაქვს. 3 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო 36-ე ტური ბათუმის „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მიზეზი ბათუმის „დინამოს“ სტადიონის დისკვალიფიკაციაა. რა თქმა უნდა, ეს დისკვალიფიკაცია არ ეხება 7 დეკემბერს გასამართ თასის ფინალს, სადაც გულშემატკივარი ჩვეულებრივად შეძლებს დასწრებას“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა განცხადებაში.
ქუთაისის „ტორპედოს“ გზა ფინალამდე️
1/16 ფინალი
„ვიტ ჯორჯია 2“ – „ტორპედო“ 1:2
1/8 ფინალი
„სპაერი“ – „ტორპედო“ 0:1
1/4 ფინალი
„რუსთავი“ – „ტორპედო“ 2:4
1/2 ფინალი
„ტორპედო“ – „დინამო“ თბ 2:0
ფინალი
„ტორპედო“ – „ლოკომოტივი 2“
7 დეკემბერი. 19:00 საათი. ბათუმის არენა