„ტორპედოს“ გულშემატკივრების საგანგებო განცხადება - ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ, ინვესტორი არავის უნახავს, სერიოზული სანქციები გველის #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფმა სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში „ჩვენ ვართ ტორპედო“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც გუნდში არსებულ ვითარებას ასაჯაროებენ.
„ქუთაისის „ტორპედო“ კვლავ გაურკვევლობაში და უდიდესი პრობლემების წინაშეა. უკვე სამი თვეა, რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ. ქალაქის მერიიდან არის ინფორმაცია, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა, არის ინვესტორიც და ყველაფერი დროის ამბავია, თუმცა, დრო ამ ეტაპზე გუნდზე ცუდად მოქმედებს. 20 ივნისს გუნდს უკვე ოფიციალურად უნდა ჰყავდეს ლიცენზირებული მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული სანქციები გველის“, – წერენ ქუთაისელი გულშემატკივრები.
გარდა ამისა, ქუთაისელი ქომაგები ყურადღებას მოთამაშეებთან არსებულ დავალიანებაზეც ამახვილებენ:
„ფეხბურთელებს უკვე დარღვეული აქვთ კონტრაქტები და მიუხედავად ამისა, გუნდი აქამდე როგორღაც მოვიდა, მაგრამ თუ თამაშამდე ვითარება არ დალაგდება, იძულებულები იქნებიან, გუნდი დატოვონ და ამას რაც მოჰყვება, ყველა კარგად ხვდებით. კარგა ხანია, მერიაში ამბობენ, რომ ინვესტორი არის, მაგრამ სადაა? არავის უნახავს, არც გუნდის ხელმძღვანელობას შეხვედრია, არც ფეხბურთელებს, არც მწვრთნელებს, არც გულშემატკივრებს და არც არავის, მაშინ როცა გუნდი დროში იწვება და ყველა დღე წუთი და წამი ძვირფასია“.
ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფმა ქალაქის ხელმძღვანელობასა და ინვესტორს მიმართა:
„მივმართავთ ქალაქის მერიას და იმ არსებულ ინვესტორს, რომელსაც არც ვიცნობთ – სანამ გვიანი არ არის, დროულად მოვიდნენ და გუნდი დაღუპვას გადაარჩინონ. ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როგორ არის კარგად, როცა სამი თვეა გუნდი უფულოდ არის? ყველა დაიღალა და მობეზრდა ეს გაუთავებელი ტყუილები, თუ მომდევნო თამაშამდე ყველაფერი არ დალაგდება, „ტორპედო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება და მთელი ეს ბრძოლა და წვალება, რაც ამ ბოლო წლებში გამოვიარეთ, წყალში ჩაიყრება. თხოვნით მივმართავთ მედიასაშუალებებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ“.