„ტორპედომ“ ფარერების „ვიკინგური“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ 3:0 დაამარცხა. დღეს, 22:00 საათზე, ქუთაისელები გასვლაზე საპასუხო შეხვედრას გამართავენ.
„ფარერებზე ბოლომდე საბრძოლველად მივდივართ. ქუთაისში 3 უპასუხო ბურთი კი გავუტანეთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ… შემდეგ ეტაპზე გასული მაშინ ხარ, როცა მსაჯი ჩასტვენს და ორრაუნდიანი ორთაბრძოლა დასრულდება. ფარერების კლუბს და ნაკრებს სხვადასხვა სახე აქვთ გასვლაზე და შინ. საშინაო მატჩებს ბევრად უფრო მობილიზებულები ატარებენ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. არ უნდა მოვდუნდეთ. თანაც, 6 ან 8 გოლი არ გაგვიტანია, მხოლოდ 3:0 მოვიგეთ. ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, უპირველესად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება – ევროპის საკლუბო რეიტინგში საქართველოსთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ევროთასებზე წარმოვადგენთ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ – საქართველოს!“ – ამბობს “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო, „ტორპედოს“ არა მხოლოდ ლევან კუტალია დააკლდება, არამედ თენგიზ წიქარიძეც – ფარერებზე არც ერთი მათგანი არ წასულა. გუნდს ვერც ქუთაისელთა ორი ლეგიონერი დაეხმარება – არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს სავიზო პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.
„ვიკინგურისა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩს უელსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის მთავარი მსაჯი საიმონ ლი ევანსი იქნება. მატჩი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის ნახვას გულშემატკივარი ინტერნეტში, “ტორპედოს” ფეისბუქ-გვერდზე შეძლებს.