„ტორპედოს“ დიდი ნახტომი - ქუთაისელებმა ჩემპიონიც დაამარცხეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 1:0.
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა 27-ე წუთზე გახსნეს. გიორგი არაბიძის ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება მაურო კაბალიერომ შეუცვალა, კარის წინ კი მერაბ გიგაური გაიხსნა და მოქმედ ჩემპიონს გაუტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და კახა ჩხეტიანის გუნდმა წაუგებელი მატჩების სერია 9 შეხვედრამდე გაზარდა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ორჯერ დაწინაურდა თორნიკე ძებნიაურის (43-ე წუთზე) და ბიძინა მახარობლიძის (54) გოლებით, მაგრამ ბოლნისელებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს და ორივეჯერ ეს ნიკა ხორხელმა შეძლო – 53-ე და 68-ე წუთებზე (პენალტით) და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ამ მოგებით 43 ქულა დააგროვა და გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისში ბოლო ადგილზე იყო, მესამე ადგილზე დაწინაურდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ (60) სერიოზული პრობლემა შეუქმნა – ტურის მატჩის მოგებით მისი კონკურენტი „დინამო თბილისი“ (56) ჩამორჩენას ქულამდე შეამცირებს.
„ლოკომოტივმა“ 6 ქულა დააგროვა და ისევ ბოლო ადგილზეა, ხოლო „სიონი“ (28) მე-8 პოზიციაზე დარჩა და „თელავის“ (29) გასწრების შანსი დაკარგა.