„ტორპედოს“ ცნობილი ბრიტანელი აგენტი დაეხმარება - იმედია, ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანას შევძლებთ #1TVSPORT
„ტორპედოს“ ცნობილი ბრიტანელი აგენტი დაეხმარება - იმედია, ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანას შევძლებთ #1TVSPORT

ცნობილი ბრიტანელი საფეხბურთო მენეჯერი ჯონ ვიოლა ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეების მოზიდვასა და გამორჩეული ფეხბურთელების უცხოეთში გაშვებაში დაეხმარება, – ამის შესახებ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის წარდგენისას გუნდის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.

„ჯონ ვიოლას დამსახურებაა, რომ არჩევანი კინზე შევაჩერეთ. მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალეთ, რადგან დაგვარწმუნა, რომ შოტლანდიელი იყო ის მწვრთნელი, რომელიც „ტორპედოში“ გვჭირდებოდა. სხვათა შორის, ჯონ ვიოლას ისეთ ცნობილ ფეხბურთელთან უმუშავია, როგორიცაა რობერტო კარლოსი. ვფიქრობ, რომ ასეთ საფეხბურთო აგენტთან თანამშრომლობა „ტორპედოს“ სასიკეთოდ წაადგება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

თანამშრომლობის შესახებ თავად ჯონ ვიოლამაც ისაუბრა და საინტერესო გეგმა წარმოადგინა.

„დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სააგენტოს წარმოვადგენ და 32 წელია, საფეხბურთო მენეჯერი ვარ. ჩემი მიზანი არა მარტო შუამავლობა, არამედ გუნდის განვითარებაში დახმარებაა. „ტორპედოსთან“ თანამშრომლობაში პერსპექტივა დავინახე. ქართველი ფეხბურთელებიდან შოთა არველაძეს ვიცნობ. სხვათა შორის, სანამ „ნაპოლიში“ გადავიდოდა, კვარაცხელიათი ინგლისური კლუბების დაინტერესება მსურდა. აი, ესაა საქართველოსთან ჩემი კავშირი, მაგრამ ახლა საშუალება მექნება, უკეთ გავიცნო და იმედია, დახმარებასაც შევძლებ.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმუშავია და იმედია, „ტორპედოში“ ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანას მოვახერხებთ. მიმაჩნია, რომ ეს ევროტურნირებზე „ტორპედოს“ შანსს მისცემს“, – აცხადებს ვიოლა.