„ტორპედოს“ ბომბარდირი - პანდემის პერიოდი კარგად გამოვიყენეთ (ვიდეო)
სეზონის განახლების შემდეგ გიორგი ფანცულაია ქუთაისაის „ტორპედოს“ და ეროვნული ლიგის გამორჩეული თავდამსხმელია – ბოლო ორ შეხვედრაში 26 წლის თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და ქუთაისურ კლუბს 4 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელმა წარმატებული სტარტის მიზეზად, პანდემიის გამო წარმოქმნილი იძლებითი პაუზა დაასახელა.
„ამ პაუზამ გუნდს ძალიან გვიშველა. სეზონის დაწყებამდე „ტორპედომ“ შეკრება ვერ გაიარა, შეუთამაშებლები ვიყავით და ფიზიკურად ბევრ გუნდს ჩამოვრჩებოდით, როგორ ვთქვა, რომ პანდემია წაგვადგა, მაგრამ რეალურად, ამ დროს სხვებთან ჩამორჩენა შევამცირეთ, პაუზა ყველა ფეხბურთელმა კარგად გამოვიყენეთ, ინდივიდუალურად ბევრს ვვარჯიშობდით და ამან შედეგი მოიტანა“, – ამბობს გიორგი ფანცულაია.
ამჟამად, ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე 4 გოლით ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს კი ფანცულაია 3 გოლით გორის „დილას” თავდამსხმელთან, მიკოლა კოვტალიუკთან ერთად ინაწილებს: „ჩემი ყველა გოლი გუნდური თამაშის შედეგია. მარტო ვერაფერს გავაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, სეზონის დარჩენილ ნაწილსაც წარმატებით ვითამაშებთ, მე კი ასეთი წარმატებული სტარტის შემდეგ ბომბარდირობისთვის ბრძოლის სურვილი გამიჩნდა. თუმცა, წინ 14 ტურია და წინასწარ ვერავინ იტყვის, სეზონის ბოლოს რა შედეგს ვაჩვენებთ“.