„ტორპედოს“ ახალწვეული ჩრდილოეთ მაკედონიიდან - „გარდიანმა“ დაშმირ ელეზი მსოფლიოს 60 ტალანტს შორის დაასახელა #1TVSPORT
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედო“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა და პირველი ტრანსფერიც განახორციელა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელთან აწარმოებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. მომდევნო სეზონში „ტორპედოს“ ღირსებას 19 წლის ჩრდილოეთმაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომლიც გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. წარმატებით გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ახალწვეული 2021 წლის ოქტომბერში, „გარდიანის“ ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. გთავაზობთ ამონარიდს „გარდიანის“ სტატიიდან:
„დაშმირ ელეზი – ტეტოვოს „შკენდია“, პოზიცია გარემარბი. დაიბადა 2004 წლის 21 ნოემბერს. კარგად თამაშობს ორივე ფეხით. ძირითადი სათამაშო პოზიცია გარემარბია, მისი გამოყენება შესაძლებელია მეორე თავდამსხმელადაც. სწრაფი, მოქნილი, ჭკვიანი ფეხბურთელია, კარგად მოძრაობს უბურთოდ და სანახაობრივად თამაშობს. აქვს შესანიშნავი ტექნიკა, განსაკუთრებით სახიფათოდ გამოიყურება შეტევის წამოწყებისას. მისი დებიუტი პროფესიულ დონეზე 16 წლის ასაკში შედგა.
მას შემდეგ ელეზმა კლუბში 58 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თამაშობს ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებში. ნოემბერში 19 წლის გახდა, თუ ის იქნება უფრო თანმიმდევრული და გონივრულად აირჩევს მომავალ კლუბს, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს“.