„ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და მესამე წრის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „თელავს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვებით ლიდერობა შეინარჩუნა – 2:1.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ბიორნ იონსენმა მე-12 წუთზე პენალტით გახსნა.
„თელავმა“ წონასწორობა 52-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა, მაგრამ ცხრა წუთში ქუთაისელების შეტევა ისევ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დააგვირგვინა და დუბლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 57 ქულა დააგროვა , „იბერიასა“ (52) და გორის „დილასთან“ (51) უპირატესობა გაზარდა და მესამე წრის ბოლო შემდეგ ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. „თელავი“ (24) კი მე-9 ადგილზეა და გასავარდნთა ზონიდან თავის დასაღწევად ბოლო წრეში ბევრად უკეთესი თამაში დასჭირდება.
ბომბარდირთა დავაში კი ქუთაისელთა თავდამსხმელი ბიორნ იონსენი დაწინაურდა – ნორვეგიელმა 27 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, რაც ეროვნულ ლიგაში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.