ქუთაისის „ტორპედომ“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა – მიხეილ აშვეთიას გუნდი განმუხურში ზუგდიდის „დინამოს“ შეხვდა და წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
პირველ ნახევარში ორივე გუნდი აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც შეიქმნა – ანგარიში კი, 20-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევისას, ქუთაისელთა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა გუგუჩიამ უნაკლოდ შეასრულა – 1:0.
დიდი დრო არ იყო გასული, რომ პენალტი უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი თამაზ შარვაშიძემ დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
შეხვედრის ბოლოს ქუთაისელებმა მეორედ მოახერხეს ზუგდიდელთა კარის აღება და თამაშიც მოიგეს. თავი ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ჩაკვეტაძემ გამოიჩინა, რომელიც გუნდს „სამტრედიადან“ შეუერთდა.
ზუგდიდელი ფეხბურთელები უკვე 16 თებერვალს მორიგ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. ისინი ფოთში, ადგილობრივ „კოლხეთი 1913-ს” შეხვდებიან.