„ტორპედომ“ წარუმატებელი სერია „სამტრედიასთან“ შეწყვიტა #1TVSPORT
„ტორპედომ“ წარუმატებელი სერია „სამტრედიასთან“ შეწყვიტა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით მოიგო და წარუმატებელი თამაშების სერია შეწყვიტა – 1:0.

ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომელიც „ტორპედომ“ მასპინძლის რანგში სხვა ქალაქში ჩაატარა. გუნდი 14 მაისს მე-14 ტურში წყალტუბოს „სამგურალსაც“ სამტრედიაში მიიღებს, ხოლო მე-16 ტურის შეხვედრას (24 მაისს) „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ქუთაისში, განახლებულ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან „სამტრედიის“ თავდამსხმელი სირილ ჩამბა მეკარესთან შეჯახების შემდეგ დაშავდა და სტადიონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ანგარიში 70-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გიორგი ქობულაძემ დაარტყა, ბურთი „ცოცხალ კედელში“ მდგარ „სამტრედიის“ მოთამაშეს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, ქუთაისის „ტორპედომ“ 1:0 მოიგო და 17 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ მერვე პოზიციას იკავებს.