„ტორპედომ“ სტივ კინის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო #1TVSPORT
„ტორპედომ“ სტივ კინის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა. „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა – 1:0.

დაძაბული შეხვედრის ბედი მე-80 წუთზე გადაწყდა. ქუთაისელთა მცველი ცოტნე ნადარაია „დილას“ საჯარიმოში ნიკა გაგნიძესთან ორთაბრძოლის შემდეგ წაიქცა და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ამან „დილას“ მოთამაშეთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არბიტრს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

პენალტი გიორგი კუხიანიძემ ე.წ. „პანენკას სტილში“ შეასრულა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

„ტორპედომ“ სტივ კინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო და 24 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. გორის „დილამ“ კი 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 34 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა.