ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი სამმა მოთამაშემ დატოვა – ლევან არველაძემ, ირაკლი ძარიამ და ბაქარ მირცხულავამ.
გამოცდილმა ნახევარმცველმა ლევან არველაძემ „ტორპედოს“ რიგებში 10 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ასევე გამოცდილი ნახევარმცველი ირაკლი ძარია „ტორპედოში“ წლები ასპარეზობდა და მისი ფორმით 43 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 30 წლის მცველი ბაქარ მირცხულავა ქუთაისელია და „ტორპედოში“ ჯამში 75 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
„მადლობა ლევანს, მადლობა ირაკლის მის მიერ გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და იმ ერთგულებისთვის, რომლითაც მან გუნდის ქომაგს თავი დაამახსოვრა! მადლობა ბაქარს თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნაირონობისა და პროფესიონალიზმისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
ცნობილი იყო, რომ გუნდს ბერძენი ნახევარმცველი, ვასილის კარაგუნისის და საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გიორგი პაპუნაშვილიც ტოვებდნენ, მაგრამ „ტორპედო“ ჯერ მათ წასვლას არ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელი პერიოდის მეორე ეტაპს გაივლის და 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.