„ტორპედომ“ „საბურთალოს“ შანსი არ დაუტოვა - არაბიძემ ისევ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება გაიმართა. „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
თბილისელები მთავარი მწვრთნელის რანგში მოედანზე უჩა სოსიაშვილმა გაიყვანა. მატჩის გმირი კი გიორგი არაბიძე გახდა, რომელმაც დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქუთაისელებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 25-ე წუთზე „ტორპედოს“ მოთამაშემ, ლაშა შერგელაშვილმა შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.
ოთხ წუთში გიორგი არაბიძემ „საბურთალოს“ კარი მეორედ აიღო. 36-ე წუთზე თბილისელები კიდევ უფრო რთულ მდომარეობაში აღმოჩნდნენ – არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გიორგი ჯგერენაია გააძევა და „საბურთალო“ 10 მოთამაშით დარჩა. ამით ქუთაისელებმა სწრაფად ისარგებლეს – 43-ე წუთზე არაბიძის გადაცემით ირაკლი ბუღრიძემ მესამე გოლი გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. მეორე ნახევარში ქუთაისელებმა კაცნაკლულ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. გიორგი არაბიძემ 59-ე წუთზე პენალტით დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე „ტორპედოს“ სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა ნინკოვიჩმა დააფიქსირა.
28 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 45 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედომ“ (42) სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.