„ტორპედომ“ ნიგერიელი თავდამსხმელი დაიმატა - ფალეიეს ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ქუთაისის „ტორპედომ“ ნიგერიის ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი სანდეი ფალეიე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„სანდეი ფალეიე „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს. 24 წლის ნიგერიელმა გარემარბმა გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით. წარმატებებს ვუსურვებთ ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელს „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
სანდეი ფალეიემ საკლუბო კარიერა სამშობლოში, „შოტინგ სტარსში“ დაიწყო. გამოდიოდა „აკვა იუნაიტედში“, საიდანაც ავსტრიულ „ალტახში“ მიიწვიეს. ასევე უთამაშია ინსბრუკის „ვაკერში“, 2021 წლის იანვარში კი პრაღის „დუკლასთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ 2022 წლის თებერვალში სამშობლოში, „შოტინგ სტარსში“ იჯარით დაბრუნდა.
სანდეი ფალეიეს დებიუტი ნიგერიის ნაკრებში 2018 წელს შედგა – მან ეროვნული ნაკრების ფორმით 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.