ქუთაისის „ტორპედოში“ მატებაა. ახალი სეზონიდან საქართველოს თასის მფლობელის შემადგენლობაში 25 წლის მარცხენა მცველს, ნიკოლა სტიეპოვიჩს ვიხილავთ.
ქუთაისური კლუბის ცნობით, მონტენეგროელ მცველთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გაფორმდა.
სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ „კასტრიოტიში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი, 2010-2017 წლებში, „სუტიესკას“ ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის მონტენეგროს ჩემპიონი ორჯერ გახდა, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ.
მონტენეგროელი ახალწვეული უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება. „ტორპედო“ სწორედ ხვალ შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.