ქუთაისის „ტორპედომ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩში გამართა, სადაც მარტვილის „მერანს“ შეხვდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ნიკეაზე, ახლად აშენებულ სარაგბო კომპლექსში გამართულ დაპირისპირებაზე ქუთაისურმა კლუბმა მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გაავრცელა, რაც წინასწარ იყო დაანონსებული – „კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მატჩის ტრანსლირება არ იქნება. სამწუხაროდ, შემადგენლობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც არ იქნება მოწოდებული“.
საქმე ისაა, რომ გუნდი დაკომპელქტებას აგრძელებს და ჯერ ახალწვეულებზე ბევრი არაფერია ცნობილი, გუნდში დარჩნენ – კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე, ბაქარ მირცხულავა და ოლეგ მამასახლისი. ჩამოვიდა მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც ქართველმა გულშემატკივარმა საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშით გაიცნო.
მარტვილელთა პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი, თუმცა მატჩი ლოგიკური შედეგით, ფრედ – 0:0 დასრულდა.