„ტორპედომ“ მახარობლიძეც დაიბრუნა  #1TVSPORT
„ტორპედომ“ მახარობლიძეც დაიბრუნა  #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ კიდევ ერთი ახალწვეულია, რომელიც კლუბში ადრეც გამოდიოდა, – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატის მეორე ნახევარში გუნდს ბიძინა მახარობლიძე შეუერთდა.

„ბიძინა მახარობლიძე კვლავ „ტორპედოსთვის“ შეუტევს. ბიძინა ჩვენი გუნდის ღირსებას ბოლოს 2017 წელსაც იცავდა. ამ პერიოდში მან „ტორპედოს“ რიგებში 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ბურთის გატანა შესძლო. წარმატებებს გისურვებთ, ბიძინა!“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ბიძინა მახარობლიძე 28 წლისაა. 2011-2014 წლებში „დინამო-2“-ში თამაშობდა, საიდანაც ცხინვალის „სპარტაკში“ (2014-2016) გადავიდა. პირველად სწორედ მაშინ მოხვდა ქუთაისის „ტორპედოში“ (2017-2018). ასევე უთამაშია ბოლნისის „სიონში“ (2018, 2021), საჩხერეს „ჩიხურაში“ (2019), თბილისის „ლოკომოტივში“ (2019), თბილისის „მერანში“ (2020). ბოლოს ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, სადაც მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ სპონსორის მისვლის შემდეგ ოთხი მოთამაშე უკვე დაიბრუნა – გამოცდილი მეკარე როინ კვასხვაძე, ნახევარმცველი მათე ცინცაძე და განელი მცველი სამუელ ინკუმი. მახარობლიძე მეოთხე მოთამაშეა, რომელსაც „ტორპედოში“ ადრეც უთამაშია.