„ტორპედომ“ „გაგრასთან“ ბოლო წამებზე იონსენის გოლით გაიმარჯვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „გაგრა“ ბათუმის „დინამოსთან“ მოგების შემდეგ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრად უგებდა, მაგრამ ბოლო წუთებბზე გაშვებული ბურთებით დამარცხდა – 1:2.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველივე წუთზე გიორგი ქიმაძის გადაცემა საჯარიმოსთან მათე ვაწაძემ მიიღო „გაგრის“ კაპიტანი მასპინძელთა მცველს გაექცა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
ქუთაისის „ტორპედო“ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ „გაგრის“ მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი ძალიან საიმედოდ თამაშობდა. თუმცა, მასპინძლებმა ბოლო წუთებზე მიზანს მაინც მიაღწიეს – 87-ე წუთზე ფელიპე პირესმა ინდივიდუალური მოქმედებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ხოლო 90+5-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ, გამარჯვების გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
16 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 29 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „გაგრა“ (16) მე-9 ადგილზე დაქვეითდა.