„ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა (ვიდეო)

ეროვნული ლიგის პლეი ოფის მეორე მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ მიიღო და მართალია, მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

პირველი მატჩი ქუთაისელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს და მიზანთან ახლოს იყვნენ – მათ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქულაც ჰყოფნიდათ. ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში „გაგრა“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, რაზეც ბურთის ფლობის მაჩვენებელი მეტყველებს – 66%.

მაგრამ „გაგრამ“ რეალური სახიფათო მომენტების შექმნა ვერ შეძლო. მასპინძლები კი 30-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით დააწინაურა 1:0. მეორე ნახევარში „გაგრამ“ მთელი ძალებით შეუტია და წონასწორობა აღადგინა: 76-ე წუთზე, გიორგი ქობულაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა კარის ბადე თამაზ მაქაცარიამ აიღო – 1:1.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, „ტორპედომ“ ორი მატჩის ჯამში მოიგო (2:0, 1:1) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ოღონდ ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ გუნდს კიდევ ერთი რაუნდის გავლა მოუწევს – ფეხბურთის ფედერაციის მიერ წაყენებული ლიცენზირების პირობები უნდა დააკმაყოფილოს. „გაგრა“ კი მომავალ სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.