„ტორპედომ“ „ჩერნომორეციდან“ ნახევარმცველი დაიმატა - ვაჩიბერაძე კარიერას მამის კლუბში გააგრძელებს #1TVSPORT
„ტორპედომ“ „ჩერნომორეციდან“ ნახევარმცველი დაიმატა - ვაჩიბერაძე კარიერას მამის კლუბში გააგრძელებს #1TVSPORT

ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახში დაუდასტურეს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებას ვაჩიბერაძე უკრაინაში შეესწრო, სადაც ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა. მაგრამ ომმა ჩემპიონატი ჩაშალა, ფიფა-სგან კი მიიღო უფლება, დროებითი პრაქტიკისთვის 30 ივნისამდე სხვა ქვეყანაში ითამაშოს.

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოშია დაბადებული. 11 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, ჯერ ოდესის „ჩერნომორეცის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი დონეცკის „შახტარში“. ამ გუნდის 19-წლამდელებში კაპიტანი და ლიდერი იყო და მისი ფორმით 2015 წელს იუნიორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ (2:3) ითამაშა.

ამის შემდეგ ჩაირიცხა ესპანურ „ბეტისში“, ითამაშა ლატვიურ „რიგა ფს-ში“, ბელგიურ „ლომელში“, რომელიც 2020 წლის 5 ოქტომბერს დატოვა და ნახევარი წელი უგუნდოდ იყო. 2021 წლის მარტში ბექა ვაჩიბერაძემ ოდესის „ჩერნომორეცთან” კონტრაქტი გააფორმა და რამდენიმეჯერ გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.

25 წლის ნახევარმცველმა 2017 წლის დეკემბერში ქართული პასპორტი აიღო, მაგრამ ფიფა-ს იურიდიული ბარიერების დაძლევა ჯერჯერობით ვერ მოახერხა და საქართველოს ნაკრებში ვერ გამოიძახეს.

ბექა ახლა ითამაშებს კლუბში, სადაც მამამისი თამაშობდა – ზაზა ვაჩიბერაძე ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი იყო საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის დაწყებიდან.