ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურის მორიგი შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა – „ტორპედომ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გადაწყდა – 90+2-ე წუთზე, ჯარიმა გიორგი ჯანელიძემ შეასრულა, შეტევაში ჩართული ქუთაისელთა ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე მეტოქეებს გაექცა, ბურთს ფეხი დაახვედრა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. კასრაძე „ტორპედოდან“ წასული იყო და გუნდს ერთი კვირის წინ დაუბრუნდა.
საგულისხმო იყო ქუთაისელთა გულშემატკივრის კომენტარი – „უპატრონო გუნდი რამდენს აკეთებს და ამათ რომ სათავეში წესიერი ვინმე ჰყავდეთ, რას იზამდნენ“.
„ტორპედომ“ 13 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა, „თელავს“ (15 ქულა) და „სამტრედიას“ (13 ქულა) გადაასწრო და მე-6 ადგილზეა. თბილისის „მერანი“ კი 5 ქულით კვლავ ბოლო, მე-10 პოზიციაზეა და ლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.