„ტორპედომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა - ჩხეტიანმა ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT
„ტორპედომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა - ჩხეტიანმა ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-17 ტური ზესტაფონში გამართული მატჩით დასრულდა – ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. გუნდმა კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ითამაშა და მეორეც მოიგო – ამჯერად – დიდი ანგარიშით.

ანგარიში ქუთაისელებმა მე-16 წუთზე გახსნეს. ლევან მჭედლიძემ კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და ზუსტად დაარტყა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ბოლო გოლი ორი წლის და რვა თვის წინ, 2019 წლის 6 ოქტომბერს ბათუმის „დინამოს“ კარში გაიტანა – მაშინ ლევანი „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

მჭედლიძემ განავითარა 45-ე წუთზე მეორე საგოლე გადაცემაც – ბურთისთვის იბრძოლა, შეტევა გია მანჯგალაძეს გაუგრძელა, მან კი მეკარესთან პირისპირ აკაკი შულაია გაიყვანა და ქუთაისელთა თავდამსხმელმა „სიონს“ მეორე გოლი ძალიან უსიამოვნო დროს, გასახდელში გასვლამდე გაუტანა.

90-ე წუთზე „ტორპედომ“ მესამე გოლიც გაიტანა და ამაში „სიონის“ მეკარემ თავისი როლი ითამაშა. ლევან ისიანმა ბურთი ცუდად მოიგერია, საჯარიმოსთან გადაცემა შულაიამ ჩაჭრა, მცველები ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა 3:0.

ანგარიში აღარ შეცვლილა, „ტორპედომ“ 3:0 მოიგო, 17 ტურში მოპოვებული 21 ქულით „თელავს“ დაეწია და მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „სიონი“ ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.