„ტორპედომ“ ამხანაგური მატჩი დანიშნა - წოწონავა ქუთაისში ითამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება, გაურკვევლობა დასრულდა, ორი პოტენციური ინვესტორი გამოჩნდა და კახა ჩხეტიანი გუნდის მზადებას აგრძელებს.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაფხულის პირველი ამხანაგური მატჩი დანიშნა – „ტორპედო“ სპარინგს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან „საბურთალოს“ წინააღმდეგ 24 ივლისს გამართავს. მატჩი თბილისში, დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა, რომ გუნდში ლევან წოწონავა გადავიდა. კლუბის პრესსამსხურის ცნობით, „ტორპედომ“ მასთან კონტრაქტი გააფორმა. 24 წლის პოზიციით შემტევი ნახევარმცველი წელს მესამე კლუბში გადადის. იანვარში მარტვილის „მერანიდან“ „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა და 1 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მალევე იჯარით გორის „დილაში“ გადავიდა, სადაც 9 შეხვედრაში ითამაშა.
როგორც ჩანს, ქუთაისის „ტორპედოში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – ჩვენი ინფორმაციით, „ტორპედოში“ „დინამო თბილისიდან“ წასული მეკარე როინ კვასხვაძე დაბრუნდა, რომელიც წლები იყო გუნდის კაპიტანი. შესაძლოა, „ტორპედოში“ ასევე მათე ცინცაძეც დაბრუნდეს, რომელიც 2018-2019 წლებში გუნდის წარმატებების მონაწილე იყო, წელს კი ალბანეთის ჩემპიონატის „კუკეშში“ ირიცხებოდა.