„ტორპედოდან" პირველი ფეხბურთელი წავიდა - კობახიძემ კონტრაქტი „დინამოსთან" გააფორმა
მამუკა კობახიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს – ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალური მცველის ტრანსფერზე საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ბათუმური კლუბის სპონსორმა, არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.
„ეს ამბავი უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში ბათუმის „დინამომ“ პირველი ტრანსფერი განახორციელა – ჩვენი ახალწვეული მამუკა კობახიძეა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, ბოლოს კი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. კობახიძეს დაველაპარაკეთ და უკვე კონტრაქტიც გავაფორმეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.
ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაისში ბათუმის „დინამოში“ გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მას „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდებოდა და „ფიფას“ (FIFA) წესებით ჰქონდა უფლება, წინასწარ ხელშეკრულება სხვა კლუბთან გაეფორმებინა.