„ტორპედო“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - „შუქურამ“ სტუმრად ფაცაციას დუბლით მოიგო #1TVSPORT
„ტორპედო“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა - „შუქურამ“ სტუმრად ფაცაციას დუბლით მოიგო #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ისევ წააგო. სტივ კინის გუნდმა სამტრედიაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი, ორივე მხრიდან შექმნილი მომენტების მიუხედავად, უგოლოდ დასრულდა, მთავარი ამბები კი შესვენების შემდეგ მოხდა.

მატჩის გმირი სტუმართა ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა 68-ე წუთზე უნაკლოდ შესრულებული პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს, 90+2-ე წუთზე „შუქურას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი დააგროვა.

ქუთაისელებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ჰქონდათ და ერთადერთი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენა შეამცირეს. ქობულეთელთა კარი 90+3-ე წუთზე პენალტით კაიკე დავიდმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქუთაისის „ტორპედო“, ზედიზედ მეოთხე მარცხის მიუხედავად, მაინც მეექვსე ადგილზე დარჩა. ქობულეთის „შუქურამ“ კი ბოლო ადგილს დააღწია თავი და 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დაწინაურდა.