ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ემზადება და მალე უცხოეთში გაემგზავრება. 3 თებერვალს გუნდი თურქეთში გაემგზავრება და მზადებას იქ გააგრძელებს.
თურქეთში ტორპედოელები ორი კვირის განმავლობაში ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. „ტორპედოს“ პირველი მეტოქე 6 თებერვალს „აკადემია პანდევი“ იქნება, რომელიც მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზეა.
7 თებერვალს „ტორპედო“ ძალებს გიორგი ნავალოვსკის მინსკის „დინამოსთან“ მოსინჯავს, რომელიც ბელარუსის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. 9 თებერვალს „ტორპედოს“ მეტოქე სერბული „რადი“ იქნება. ბელგრადული კლუბი სერბეთის სუპერლიგაში მე-14 ადგილზეა.
13 თებერვალს „ტორპედო“ ლვოვის „კარპატს“ დაუპირისპირდება. უკრაინის პრემიერლიგაში „კარპატი“ მე-10 ადგილზეა. ბოლო ამხანაგურ მატჩს ქუთაისური გუნდი 16 თებერვალს კიევის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.
ამის შემდეგ, „ტორპედო“ საქართველოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის ქუთაისში მოემზადება.