„ტორპედო“ „თელავთან“ მატჩისთვის ემზადება - ვაჩიბერაძე მშობლიურ კლუბში დაბრუნებით გახარებულია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს – 14 აპრილს, გუნდი „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრება და მე-5 ტურის გადადებულ შეხვედრას ჩაატარებს.
მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი ბაქარ მირცხულავამ გააკეთა.
„ბოლო ორი თამაში მოვიგეთ, ხასიათი გამოვიკეთეთ და „თელავში“ კარგი განწყობით მივდივართ. ეს კარგი გუნდია, რომელიც სახლში კარგად თამაშობს, მებრძოლი გუნდია. ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაგრამ ჩვენ ქუთაისის „ტორპედო“ ვართ და ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ. ამიტომ გამონაკლისი არც „თელავთან“ დაპირისპირება იქნება და იმედია, ეს მატჩიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება“.
ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ბექა ვაჩიბერაძემ – უკრაინაში აღზრდილი ნახევარმცველი ბოლოს ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დროებით კლუბის დატოვება მოუხდა და მშობლიური ქალაქის გუნდში ჩაირიცხა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი გავხდი და რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებ, გუნდს რომ დავეხმარო. ბიჭებს თითქმის ყველას ვიცნობდი და ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. ძალიან შეკრული კოლექტივია“, – ამბობს ვაჩიბერაძე.