„ტორპედო“ შეუჩერებელია - ქუთაისელებმა „სიონი“ დაამარცხეს და „დილას“ გადაასწრეს [ვიდეო] #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ეროვნული ლიგის შეხვედრა ბოლნისში – კახა ჩხეტიანის გუნდმა „სიონი“ 3:0 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელებმა ანგარიში 57-ე წუთზე გახსნეს. თორნიკე ახვლედიანის წამოწყებული შეტევა გიორგი არაბიძემ კარის წინ ირაკლი ბუღრიძეს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტდ დაარტყა – 0:1.
68-ე წუთზე ქუთაისელთა სწრაფი და ეფექტური შეტევა პარაგვაელმა თავდამსხმელმა მაურო კაბალიერომ დააგვირგვინა და „ტორპედოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა – 0:2.
76-ე წუთზე მთავარმა არტბიტრმა ორივე გუნდის მოთამაშე გააძევა – თორნიკე ახვლედიანს ანატოლი მესიაჩენკოსთან კონფლიქტი მოუვიდა და მეტოქეები კაცნაკლულები დარჩნენ. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვაჟა ტაბატაძის დარტყმაზე კი „სიონის“ მეკარემ რეაგირება მოახერხა, მაგრამ ვერ მოიგერია და ბურთი ბადეში აღმოჩნდა – 0:3.
ეროვნულ ლიგაში „ტორპედომ“ წაუგებელი თამაშების სერია 7 მატჩამდე გაზარდა და ბოლნისიდან 3 ქულასთან ერთად, მე-5 ადგილი წამოიღო – ქუთაისელებმა 40 ქულა დააგროვეს და გორის „დილას“ (39) გადაასწრეს, „სამგურალთან“ (42) კი სხვაობა მინიმუამდე შეამცირეს. ბოლნისის „სიონი“ (27) მე-8 პოზიციაზე დარჩა.