ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის პირველ ორ საშინაო მატჩს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს – ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურმა დაგვიდასტურა.
გუნდი 2 მარტს ქუთაისში ბოლნისის „სიონს“, ხოლო 9 მარტს – თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. ამის შემდეგ სტადიონზე მოედნის საფარის შეცვლა იგეგმება. სად გამართავს „ტორპედო“ საშინაო მატჩებს, მოგვიანებით გაირკვევა.
ცნობილია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის განახლება ახალი წლიდან უნდა დაწყებულიყო, რათა ზაფხულისთვის, ევროპის ლიგის მატჩების დაწყებამდე, „ტორპედოს“ ქუთაისში თამაშის პრობლემა არ შექმნოდა. ამ კუთხით რა ხდება, ეს უცნობია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფარს შეცვლის. როდის გამოცხადდება არენის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ტენდერი, უცნობია.