„ტორპედო“ სეზონის განახლებამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ მოსამზადებელი ეტაპზე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – დღეს, პირველ აგვისტოს, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპიორდებიან.
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერთან შეხვედრა თავდაპირველად ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაიგეგმა, მაგრამ საბოლოოდ სპარინგის გამართვა ქუთაისში, ჯემალ ხერხაძის სახელობის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გადაწყდა.
ამ მატჩით ქუთაისელები სეზონის განახლებისთვის მზადებას დაასრულებენ. „ტორპედომ“ მანამდე თურქული შეკრება დაასრულა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან 4 ამხანაგური მატჩი გამართა: „რიზესფორთან“ 2:3 წააგო, „გირესუნსფორთან“ 0:0 დაასრულა, ხოლო „უმრანიესფორი“ (3:0) და „ერზურუმსფორი“ (1:0) დაამარცხა.
სეზონის განახლებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში „ვიტ ჯორჯია 2“-ს 7 აგვისტოს „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეხვდება.
ეროვნულ ლიგაში ქუთაისელები „საბურთალოს“ 15 აგვისტოს ესტუმრებიან, მაგრამ მატჩის გამართვის ადგილი ჯერ უცნობია.