ტორპედო საქართველოს თასის მფლობელია - ქუთაისელებს წარმატება ისევ კვასხვაძემ მოუტანა [ვიდეო]
19:31, 25.11.2018
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. ფინალს ბათუმმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა და ლამის მატჩის ბოლომდე სენსაციური შედეგი ფიქსირდებოდა.
საინტერესო და დაძაბულ ფინალში ანგარიში „გაგრამ“ 37-ე ნუგზარ სპანდერაშვილის გოლით გახსნა 1:0. ივანე ხაბელაშვილმა 49-ე წუთზე თავური დარტყმით ქუთაისელთა კარის ბადე მეორედ შეარხია და „გაგრა“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა – 2:0.
ერთი შეხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ქუთაისელთა თავდამსხმელმა მილოშ ლაჩნიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ძირითადი დროის ბოლო წამზე კი პენალტით დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 2:2.
პირველი დამატებული ტაიმის ბოლო წამებზე, მთავარმა არბიტრმა თორნიკე გაფრინდაშვილთან უხეშობისთვის დავით ხურცილავას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, გამარჯვებული ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და ისევე როოგრც წინა წელს, ამჯერადაც პენალტების სერია დაინიშნა.
მეტოქეებმა 4-4 დარტყმა შეასრულეს – მხოლოდ გაგრელმა ჯაბა კასრელიშვილმა ააცილა პენალტი და ანგარიში 2:4 იყო, როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან „გაგრას“ ნახევარმცველი ერეკლე სულთანიშვილი მივიდა. მან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ ეს წესის დარღვევით გააკეთა და პენალტი თავიდან შეასრულებინა. ამჯერად, სულთანიშვილს „ტორპედოს“ კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ აჯობა, ბურთი მოიგერია და „ტორპედოს“ საქართველოს თასი მოაპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ ზედიზედ მესამედ გავიდა, მეორედ მოიგო და წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა, ხოლო ქუთაისური გუნდი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ბოლო სამი სეზონია, ტიტულის მოპოვებას ახერხებს.