ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2017 წლის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედო” გახდა და ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას დღეს “დინამო არენამ” უმასპინძლა და ქუთაისელები ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, თბილისის „დინამოს“ შეხვდნენ.
დინამოელები 75 ქულით პირველ ადგილზე იყვნენ, ქუთაისელები კი, 73-ით მეორეზე და ორივეს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.
74-ე წუთზე, “ტორპედო” თორნიკე კაპანაძემ ლამაზი გოლით დააწინაურა – 0:1. ამის შემდეგ თბილისის “დინამო” გააქტიურდა და მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა – ორი გუნდის კაპიტნის დუელი როინ კვასხვაძემ მოიგო, ბურთი მოიგერია და ”ტორპედო” მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
ჩიხურა 1 : 0 ლოკომოტივი
შუქურა 1 : 2 საბურთალო
დინამო ბთ 1 : 2 კოლხეთი 1913
ამგვარად, “შუქურა” ლიგიდან გავარდა, ხოლო გადათმაშებაში “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო” მოხვდნენ.