„ტორპედო“ სამეულთან მოლაპარაკებას ასრულებს
„ტორპედო“ სამეულთან მოლაპარაკებას ასრულებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის “ტორპედოსა” და საქართველოს ნაკრების სამ კანდიდატს შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.

საუბარია „რუსთავის“ სამ მოთამაშეზე – ლევან გეგეჭკორზე, მათე ცინცაძესა და მამუკა კობახიძეზე.

გეგეჭკორი ფლანგის მცველია. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, ხოლო სამი მატჩი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა, მათ შორის, ბოლო სანაკრებო შეკრებაზე.

მათე ცინცაძე 23 წლის ნახევარმცველია. მასაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნული გუნდის ფორმა კი 2-ჯერ მოირგო.

“რუსთავის” 25 წლის კაპიტანი მამუკა კობახიძეც ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე მიიწვიეს, მაგრამ ჯერ არ უთამაშია.

სამივე მათგანთან ორწლიანი კონტრაქტის დეტალები თანხმდება.

მოლაპარაკება დასასრულს რომ მიუახლოვდა, პირველ არხს მათე ცინცაძემ დაუდასტურა.

„საინტერესო წინადადებაა და მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე თამაში კარგი პერსპექტივაა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა”, – ამბობს ცინცაძე.