ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივის“ დაამარცხა და სამეულს მჭიდროდ მიუახლოვდა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ევროსარბიელზე მონაწილეობის გამო ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში რამდენიმე ტურის მატჩი გამოტოვა. თბილისელებთან მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნული ლიგის XXI ტურის გამოტოვებული მატჩი გამართა.
„რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „ტორპედო“ მე-10 წუთზე უკვე 3:0-ს იგებდა. ანგარიში მეოთხე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა, რომელმაც მერვე წუთზე დუბლი შეასრულა. მეათე წუთზე კი „ლოკომოტივის“ კარი მესამედ გიორგი ქიმაძემ აიღო. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა სენეგალელმა არფანგ დაფემ გააკეთა. „ლოკომოტივს“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ 77-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ტორპედომ“ 3:1 გაიმარჯვა.
ქუთაისელებმა 27 შეხვედრაში 48 ქულა დააგროვეს, მეოთხე ადგილზე არიან და მესამეადგილოსან გორის „დილასთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირეს. ამავე დროს, „ტორპედოს“ კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს ჩასატარებელი – გუნდი თბილისის „დინამოს“ ოთხშაბათს, 31 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 20:00 საათზე მეორე არხი გეგმავს.