ტორპედო საბურთალოს წინააღმდეგ მოედანზე „ბავშვებს“ გამოიყვანს
ტორპედო საბურთალოს წინააღმდეგ მოედანზე „ბავშვებს“ გამოიყვანს
19 ოქტომბერს „ტორპედო“ წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
 
მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ გუნდის ფეხბურთელები დავალიანების გასტუმრებამდე ვარჯიშსა და თამაშზე უარს აცხადებენ. თამაშზე არგასვლის შემთხვევაში კი გუნდს მძიმე სანქციები ელის.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, არაორდინალური გადაწყვეტილება მიეღო და მომავალ შეხვედრაში ასაკობრივი გუნდების მოთამაშეებს დაეყრდნობა – ეს „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს. რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, „საბურთალოსთან“ მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან” – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.