„ტორპედო“ მთავარმა მეგოლემ დატოვა - ფანცულაია ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა
გიორგი ფანცულაიამ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა და კარიერას საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ქუთაისური და ბათუმური კლუბების პრესსამსახურები ავრცელებენ.
„გიორგი ფანცულაია ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხერხდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გიორგის და მადლობა ვუთხრათ მას დაუვიწყარი მოგონებებისათვის“, – წერია „ტორპედოს“ ვებგვერდზე.
ბათუმელთა გვერდი კი იუწყება, რომ ფანცულაიამ „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2022 წლის დეკემბრამდე ითამაშებს. ის გიორგი ზარიას და გოგა ჩაბრაძის შემდეგ ბათუმელთა მესამე ახალწვეულია.
26 წლის თავდამსხმელმა 2020 წლის სეზონში ქუთაისის „ტორპედოში“ 17 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ქუთაისელებმა სეზონში სულ 17 გოლი გაიტანეს, ანუ თითქმის ნახევარში ფანცულაია მონაწილეობდა, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია.