ტორპედო ერვინგ ბოტაკას აკვირდება - ფეხბურთელი, რომლის ისტორიამაც ვაშინგტონ პოსტი დააინტერესა
ქუთაისის „ტორპედოში“, შესაძლოა კიდე ერთი ლეგიონერი ჩაირიცხოს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გუნდში – ერვინგ ბოტაკა ვარჯიშობს.
კლუბში „პირველ არხს“ განუცხადეს, რომ 19 წლის ცენტრალური მცველი სამწვრთნელო სტაფს მოსწონს და შესაძლოა კონტრაქტი გაუფორმონ.
ერვინგ ბოტაკაზე ლამის მთელი მსოფლიო წერდა. საქმე ისაა, რომ ბოტაკა რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე წარმოშობით კონგოელია. მან საფეხბურთო კარიერა რუსეთში დაიწყო – მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ მოსკოვის „ტორპედოში“ წელს, ზაფხულში გადავიდა. მაგრამ 6 დღეში ხელშეკრულება გაუბათილეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ტრანსფერი მოსკოველთა ფანების მოთხოვნით ჩაიშალა – ისინი გუნდში წარმოშობით აფრიკელი მოთამაშის ჩარიცხვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.
მოსკოვის „ტორპედო“ ამ ვერსიას უარყოფდა – „ლოკომოტივი“ თანხას ითხოვდა და ამიტომ ვერ დავიმატეთო. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავს არაერთი გამოცემა, მათ შორის – „ვაშინგტონ პოსტი“ და ინგლისური „სანიც“ გამოეხმაურნენ.