„ტორპედო“ ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა - იმერულ დერბიში შვიდი გოლი გავიდა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური უხვგოლიანი შეხვედრით დასრულდა – ევროპის ლიგის პლეი ოფიდან გამოვარდნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ იმერულ დერბიში „სამტრედიას“ უმასპინძლა და ურთულესი შეხვედრის ბედის შემოტრიალება მოახერხა.
პირველი ტაიმის 24-ე წუთზე სტუმრები გიორგი ფანცულაიას დუბლით 0:2-ს იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა ტაიმის ბოლო წუთზე ლევან კუტალიას გოლით სხვაობის შემცირება შეძლეს, მეორე ტაიმში კი სრული უპირატესობა მოიპოვეს და „სამტრედიას“ კიდევ ოთხჯერ გაუტანეს. თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი არფანგ დაფეს ანგარიშზეა, ერთი ბურთიც სტუმართა ლეგიონერმა, ეგორ სმირნოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა და „ტორპედომ“ 5:2 მოიგო.
„ტორპედომ“ 30 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, თუმცა ქუთაისელებმა კონკურენტებზე ოთხით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს.