„ტორპედო“ დაკომპლექტდა და ტრანსფერები დაადასტურა - „დინამომ“ ახვლედიანი იჯარით გაუშვა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაასრულა და კახა ჩხეტიანის გუნდი ორშაბათს, 9 აგვისტოს „თელავს“ განახლებული შემადგენლობით უმასპინძლებს.
ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ „ტორპედო“ მეტოქეს განახლებული შემადგენლობით ესტუმრება. კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე ყველა მნიშვნელოვანი ტრანსფერი დაადასტურა.
განელი სამუელ ინკუმის დაბრუნების შემდეგ გუნდმა უკვე ოფიციალურად გააფორმა როინ კვასხვაძის ტრანსფერიც – გამოცდილი მეკარის, რომელიც წლები იყო ქუთაისური გუნდის კაპიტანი და მის ყველა მნიშველოვან წარმატებაში დიდი როლიც ითამაშა, „დინამო თბილისიდან“ დაბრუნდა.
კიდევ ერთი შენაძენი თორნიკე ახვლედიანია, რომელიც ქუთაისელებმა ასევე „დინამო თბილისიდან“ დაიმატეს – 22 წლის თავდამსხმელი 2020 წლის დასაწყისში თბილისურ გუნდში მუშაობის დროს კახა ჩხეტიანმა ბევრი გააკვირვა, როდესაც მეხუთელიგელი „ზესტაფონიდან“ ახვლედიანი დაიმატა, რადგან მასში პოტენციალი დაინახა და „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ ახვლედიანი ამიტომ მიიწვია.
ახვლედიანი „დინამოს“ რიგებში 2020 წელს თურქული შეკრების შემდეგ ჩაირიცხა, სადაც თავი გამოიჩინა და 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი იჯარა წლის ბოლომდეა.